ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემების ტრენინგი „საქაერონავიგაციაში“
06 ნოემბერი, 2018

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს თანამშრომლებმა შპს „საქაერონავიგაციაში“ მაღალი რანგის მენეჯმენტისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემებთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაატარეს.

ტრენინგის მიმდინარეობისას ძირითადი ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მართვის სისტემა და ინფორმაციული უსაფრთხოება, რისკების მართვა და ორგანიზაციის სარგებელი აღნიშნული მიდგომების გამოყენებით. დამსწრე აუდიტორია ასევე გაეცნო ISO 27001:2013 სტანდარტის მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია ორგანიზაციაში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული სტანდარტების დანერგვას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს როგორც საკუთრივ ამა თუ იმ ორგანიზაციისთვის, ისე ქვეყანაში ინფორმაციული უსაფრთხოების მაღალი დონის მიღწევისა და შენარჩუნებისთვის.

შპს „საქაერონავიგაციაში“ ჩატარებული ტრენინგი ასევე მოიცავდა პრაქტიკულ მაგალითებს, რომელთა გამოყენებამაც მეტი სიცხადე შეიტანა სტანდარტის მოთხოვნების მნიშვნელობის ილუსტრირების თვალსაზრისით.

ტრენინგის დასრულებისას მხარეებმა გამოხატეს სამომავლო თანამშრომლობის სურვილი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ მსგავს ტრენინგებს რეგულარულად ატარებს როგორც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისთვის, რომელთა გამართულ და უწყვეტ მუშაობას ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ისე იმ კომპანიების წარმომადგენლებისთვის, რომლებზეც არ ვრცელდება ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები, რათა ამ ორგანიზაციებში გაუმჯობესდეს ინფორმაციული უსაფრთხოების შესრულების ხარისხი და, ზოგადად, სტანდარტები შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებულ ნორმებთან.

ინფორმაციულ უსაფრთხოებაში ტრენინგების კურსი შემუშავებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს მიერ.