“მონაცემთა გაცვლის სააგენტომ” ცესკოს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტი ჩაატარა
22 ოქტომბერი, 2018

მიმდინარე წლის 16-19 ოქტომბერს სასტუმრო „კაჭრეთი ამბასადორში“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონთან და კანონქვემდებარე აქტებთან შესაბამისობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტი ჩაატარეს.

აუდიტს წინ უძღვოდა სააგენტოს თანამშრომლების მიერ ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტის პრეზენტაცია. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (იუმს) დოკუმენტაციის შემოწმება „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე - კერძოდ, იუმს დოკუმენტების მართვის პროცედურა, გავრცელების სფერო, პოლიტიკა, რისკების მართვის მიდგომა, და ა.შ. დოკუმენტაციის აუდიტის შემდგომ კი განხორციელდა აუდიტის მეორე ეტაპი, რაც ორგანიზაციის ჩანაწერების აუდიტს გულისხმობს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა მიმდინარეობს გეგმის მიხედვით, რაც ორგანიზაციას საშუალებას აძლევს დაიცვას ინფორმაციული აქტივები როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეებისგან. აღნიშნული მიზნის მისაღწევად საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატმა შეიმუშავა და დანერგა ეფექტიანი და ქმედითი ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც წარმოადგენს სახელმძღვანელოს ინფორმაციული სისტემების მართვისა და დაცვის პროცესში.

აუდიტის დასრულების შემდეგ კანონის მოთხოვნებთან კიდევ უფრო მეტი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და დაადასტურეს მზაობა მომდევნო აუდიტის ჩასატარებლად.