საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მე-10 საიუბილეო რეგიონული კონფერენცია - GITI 2017
20 ნოემბერი, 2017

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და „ICT ბიზნეს საბჭოს“ ორგანიზებით სასტუმრო „ჰოტელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ რიგით მე-10 ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია (გამოფენა, დაჯილდოება) გაიმართა, რომლის მთავარი თემა კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებები იყო. კონფერენცია წლის საუკეთესო IT პროექტების ავტორთა დაჯილდოების ცერემონიალით 17 ნოემბერს დასრულდა.

ყოველწლიურ კონფერენციას უკვე მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარება როგორც ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სფეროში ერთ-ერთ წამყვან ღონისძებას, რომელსაც საქართველო მასპინძლობს. კონფერენციის დამსახურებით, წლიდან-წლამდე უმჯობესდება ინოვაციური პროექტების ხარისხი, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის უკეთესი ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობას.

ღონისძიება, ტრადიციულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა:

თეა წულუკიანის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაფუძნებული კონფერენცია წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ სტუმარს მასპინძლობს: „დღეს ჩვენ გვყავს მონაწილეთა რეკორდული მაჩვენებელი, რომლებიც არა მხოლოდ მეზობელი, არამედ შორი ქვეყნებიდანაც გესტუმრნენ. დღეისათვის თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და „ICT ბიზნესსაბჭოს“ ორგანიზებით გამართული ღონისძიება ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში რეგიონული მასშტაბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც თავს უყრის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სფეროში ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნების წამყვან მოთამაშეებს, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციამ თავისი არსებობის განმავლობაში შექმნა საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის უნიკალური მოდელი, რომლის მიხედვითაც, ორივე მხარე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებისთვის ერთობლივი ძალისხმევით მუშაობს“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

წლევანდელი კონფერენცია, რომლის დევიზია „პარტნიორობა კონკურენციის, ინოვაციებისა და კიბერუსაფრთხოებისთვის“, რეკორდული რაოდენობის სტუმარს მასპინძლობს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნის 600-მდე წარმომადგენელმა, რომლებმაც განიხილეს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხები, წარმოადგინეს წლის განმავლობაში შემუშავებულ ინოვაციურ IT პროექტები და გაეცნენ აღნიშნული მიმართულებით ამა თუ იმ ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს.

კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო როგორც საქართველოში, ისე რეგიონში ელექტორნული მმართველობის განვითარების საკითხებს, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტებს, ასევე ამ პროექტებში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პროცესს.

კონფერენციის მე-2 სამუშაო დღე მთლიანად დაეთმო კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებს. კიბერუსაფრთხოების შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს ამ მიმართულების მსოფლიოში აღიარებულმა ექსპერტებმა.

„ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება წარმოუდგენელია ინფორმაციული უსაფრთხოების გადაწყვეტილებების გარეშე. დღეისათვის საქართველო ელექტრონული მმართველობის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან ეტაპს გადის. სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მიერ იქმნება ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული არაერთი მომსახურება და ამით მარტივდება და ფაქტობრივად ახალ ეტაპზე გადადის სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობა. ეს პროცესი კი მჭიდროდ არის დაკავშირებული ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან. ამდენად, კონფერენციას ამ მხრივაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამასთანავე, როგორც ელექტრონული მმართელობის, ისე ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სააგენტო მისი დაარსებიდან მოყოლებული ამ კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგნიძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა.

კონფერენცია ტრადიციულად დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. წელს 15 ნომინაციაში როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან 50-მდე პროექტი იყო წარდგენილი.