„მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ კიბერუსაფრთხოების ჯგუფის შექმნაზე იწყებს მუშაობას
25 სექტემბერი, 2017

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ინიციატივით თელავში კიბერუსაფრთხოების ფორუმი გაიმართა, რომელზეც კიბერუსაფრთხოების სპეციალიზებული ჯგუფის შექმნაზე იმსჯელეს. აღნიშნული ჯგუფი ინფორმაციული ტექნოლოგიების დაცულობის, ინფორმაციული უსაფრთხოების დონის გაზრდისა და კიბერინციდენტებზე სწრაფი რეაგირებისთვის იმ რესურსებს გააერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ფარგლებშია თავმოყრილი.

დღეისათვის სხვადასხვა სახელმწიფოსა თუ უწყების წინაშე კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული არერთი გამოწვევა დგას. სწორედ ამ გამოწვევებთან უფრო ეფექტიანად გასამკლავებლად გადაწყდა მობილური და კარგად მომზადებული ჯგუფის შექმნა.

„საინფორმაციო სივრცის დაცვისა და კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირებისთვის შესაბამისი მექანიზმების არსებობა და შეთანხმებული მოქმედება უმნიშვნელოვანესია. ამის საპირისპიროდ, ჩვენთან ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან და ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რესურსები მიმოფანტულია, რაც, ბუნებრივია, ართულებს ამ რესურსების თავმოყრასა და შემდგომ მათ კოორდინაციას. უსაფრთხოების კავშირის შექმნასთან დაკავშირებით „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ გაცხადებული ინიციატივა გულისხმობს ამ საკითხებზე მომუშავე ადამიანური რესურსების გაერთიანებას, ასევე სწრაფი და მოქნილი მობილიზების სქემისა და მექანიზმის შექმნას. ჩვენ სწორედ ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტების ერთ სივრცეში თავმოყრას ვგეგმავთ“, - აცხადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ გაგნიძე.

ინფორმაციული უსაფრთხოების კავშირიში გაერთიანებული სუბიექტები კრიზისულ სიტუაციებში სწრაფად და შეთანხმებულად მოქმედებისთვის სპეციალურ მომზადებას გაივლიან. კერძოდ, ამ მიზნით შეიქმნება პოტენციური საფრთხეების მოდელები და გაიწერება მათზე რეაგირების ერთიანი სტანდარტები; განხორციელდება ამ სტანდარტების რეალურ რეჟიმში ტესტირება; დაიგეგმება ინციდენტების პრევენციის ღონისძიებები და სხვა. ყოველივე ეს უზრუნველყოფს კრიზისული სიტუაციების დროს გუნდურ და შეთანხმებულ მოქმედებას, რაც ინციდენტების დროულად აღმოფხვრისთვის აუცილებელი პირობაა.

„მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ინიციატივით გამართულ ფორუმში მონაწილეობდნენ საჯარო (მათ შორის უშიშროების საბჭოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს) და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე მოწვეული კიბერსპეციალისტები.