ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში საქართველოს ელექტრონული მმართველობის სტრატეგიის განახლების თემისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
01 ნოემბერი, 2016


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და ევროკავშირის დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის
„ელექტრონული მმართველობის გაძლიერების მხარდაჭერა საქართველოში II“ ორგანიზებით სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს ელექტრონული მმართველობის სტრატეგიის (e-Government Development Strategy of Georgia) განახლების საკითხებს მიეძღვნა.

ელექტრონული მმართველობის განვითარების სტრატეგია უცხოელი ექსპერტებისა და ქართული მხარის მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში მუშავდება. სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მმართველობის მქონე ქვეყნის წინსვლასა და შემდგომ განვითარებას, რაც გულისხმობს ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდას როგორც მოქალაქეებისთვის, ისე ბიზნესისთვის, საქართველოში გამჭვირვალე და ჩართულობაზე დაფუძნებული საჯარო მმართველობის გაძლიერებას, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების როლის განსაზღვრას ადმინისტრაციული რეფორმის განხორციელების პროცესში და სხვა.

სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს იმ მიმართულებებზე, რომლებსაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში ელექტრონული მმართველობის განვითარების სტრატეგია განსაზღვრავს და რომლის საბოლოო ვერსიაც საქართველოს მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.

სტრატეგიის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარემ, რომელმაც აღნიშნა:

„ჩვენს ქვეყანაში ელექტრონული მმართველობის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ეს დოკუმენტი არის ერთგვარი გზამკვლევი, რომელშიც ეფუძნება საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებას და პრაქტიკაში არსებულ საუკეთესო სტანდარტებს. სტრატეგია აერთიანებს ყველა სახელმწიფო უწყებას და უსახავს მათ იმ საჭირო ღონისძიებებს, რომელთა შესრულებაც საქართველოს აქცევს ელექტრონული მმართველობის მდგრადი მოდელის მქონე ქვეყნად“, - განაცხადა ირაკლი გვენეტაძემ.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მთავრობის ადმინისტრაციის, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების, ასევე სხვა ყველა იმ სახელმწიფო და საჯარო უწყების წარმომადგენლებმა, რომელიც ქვეყანაში ელექტრონული მმართველობის განვითარების მიმართულებით მუშაობს. უცხოელი პარტნიორების მხრიდან დოკუმენტის შესახებ საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგინეს ბრიტანელმა, ავსტრიელმა, ესტონელმა და დანიელმა ესქპერტებმა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ელექტრონული მმართველობის გაძლიერების მხარდაჭერა საქართველოში II“ საჯარო სამსახურების დაძმობილების ორწლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ელ-მმართველობის სტრატეგიის განხორციელების ხელშეწყობას.