საჯარო უწყებების ურთიერთთავსებადობისა და „ბიზნეს სახლის“ ტექნოლოგიური გადაწყვეტის საკითხებზე სემინარი გაიმართა
05 ოქტომბერი, 2016

ევროკავშირის „დაძმობილების“ პროექტის ორგანიზებით სასტუმრო „რუმს თბილისში“ ერთდღიანი სემინარი გაიმართა, რომელიც საჯარო უწყებების ურთიერთთავსებადობისა და „ბიზნეს სახლის“ ტექნოლოგიური გადაწყვეტის საკითხებს მიეძღვნა.

საჯარო უწყებების ურთიერთთავსებადობის ტექნოლოგიურ პლატფორმას და მის გამართულ მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს ელექტრონული მმართველობის ძირითადი პრონციპების განხორციელების, მათ შორის, ელექტორნული სერვისების შეუფერხებლად მიწოდების საქმეში. ტექნოლოგიური თვალსაზრისით ურთიერთთავსებად ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ უფრო ეფექტიანად მიაწოდონ ესა თუ ის სერვისი როგორც მოქალაქეებს, ისე ბიზნესს.

საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში ახლახან ინიცირებული „ბიზნეს სახლის“ პროექტი მეტწილად დამოკიდებულია სხვადასხვა ორგანიზაციის ურთიერთთავსებადობაზე და ტექნოლოგიური პლატფორმების ინტეგრაციაზე.

„ბიზნეს სახლი“ სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის სრულიად ახლებურ მოდელს წარმოადგენს, რომელიც ბიზნესისა და იურიდიული პირებისთვის, სხვადასხვა სამინისტროსა თუ სახელმწიფო უწყებაში გაფანტული სერვისების ერთ სივრცესა და ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე მიწოდებას ითვალისწინებს. აღნიშნული უპირატესობის უკან რთული ტექნოლოგიური პროცესი დგას და დღეს სწორედ ამ ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესახებ ვიმსჯელეთ“, - განახცადა ნიკოლოზ გაგნიძემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცლვის სააგენტოს“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა.

„მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ წამყვანი უწყებაა, რომელიც ურთიერთთავსებადობისა და „ბიზნეს სახლის“ ახლახან ინიცირებული პროექტის ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობს.

სემინარს სხვადასხვა ადგილობრივი საჯარო უწყების წარმომადგენლებთან ერთად ევროკავშირის „დაძმობილების“ პროექტის ესტონელი და ავსტრიელი ექსპერტებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგინეს.