მოქალაქის პორტალის (MY.GOV.GE) უპირატესობებს ნიგოითისა და ქვემო ნატანების საზოგადოებრივ ცენტრებში ადგილობრივი მოსახლეობა გაეცნო
01 აგვისტო, 2016

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ელექტრონული მმართველობის პრინციპების, ელექტრონული სერვისების უპირატესობებისა და მოქალაქის პორტალის (MY.GOV.GE) გამოყენების შესახებ გაცნობითი შეხვედრების ციკლს აგრძელებს.

მორიგი შეხვედრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანებში მდებარე საზოგადოებრივ ცენტრებში გაიმართა. „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას დეტალურად გააცნეს მოქალაქის პორტალის (www.my.gov.ge) გამოყენების ინსტრუქცია, ისაუბრეს მის უპირატესობებზე და წარმოადგინეს ყველა ის მნიშვნელოვანი ელექტორნული მომსახურება, რომელთა მიღებაც მოქალაქეებს დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის მეშვეობით შეუძლიათ.

მოქალაქის პორტალით სარგებლობისთვის მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს როგორც ახალი პირადობის მოწმობა, ისე მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომლის მიღებაც ერთჯერადი პროცედურის გავლით იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი, უახლოეს მომავალში კი სახელისა და პაროლის დარეგისტრირება საზოგადოებრივ ცენტრებშიც გახდება ხელმისაწვდომი.

მოქალაქის პორტალზე მომხმარებელი რამდენიმე მარტივი კომბინაციის განხორციელებით იღებს სხვადასხვა სახის მომსახურებას - იქნება ეს პიროვნებასთან (პასპორტი, სხვადასხვა სახის მოწმობები, გვართან დაკავშირებული საინტერესო ინფორმაცია), ქონებასთან, სოციალურ მომსახურებასთან, ჯანდაცვასთან ან ბიზნესის წამოწყებასთან დაკავშირებული პროცედურები თუ კომუნალური, სხვადასხვა სახის ჯარიმებისა და სხვა გადასახდელების გადახდა. მომხმარებელს, მაგალითად, შეუძლია სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად შეიცვალოს მისამართი, განაახლოს ქონების ამონაწერი, ელქტრონულად გამოითხოვის საჯარო ინფორმაცია ან დაარეგისტრიროს კომპანია და წამოიწყოს ბიზნესი. ყველა მომსახურება შესაბამისი კატეგორიების მიხედვითაა დალაგებული, რაც ამარტივებს სასურველის არჩევას. მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს მისთვის საჭირო ყველა ის მომსახურება, რომელსაც ხშირად იყენებს, საკუთარი შეხედულებისამებრ განათავსოვს პირად გვერდზე. დღეისათვის პორტალზე ხელმისაწვდომია 70-ზე მეტი ელექტრონული მომსახურება.

„მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას ელექტრონული მმართველობის, ელექტრონული სერვისებისა და მათი გამოყენების შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. ჩვენი მიზანია, რომ ელექტრონული მმართველობა, რომლის ერთ-ერთი გამოხატულებაც არის მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სახელმწიფო სერვისის ელექტორნულად, ერთი ფანჯრის პრინციპით მიღების შესაძლებლობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით განვითარდეს. აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში მოქალაქის პორტალის მეშვეობით რეგიონების მოსახლეობას კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში არსებული სერვისების ელექტრონულად მიღების შესაძლებლობაც მიეცემა. ელექტორნული სერვისების გაცნობასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების ძირითადი პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლება, რათა მოქალაქემ მაქსიმალურად დაიცვას თავი მოსალოდნელი კიბერსაფრთხეებისგან. ეს საკითხი მით უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ამა თუ იმ სერვისის მოხმარებას ეხება“, - ნიკოლოზ გაგნიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსი.

მსგავსი სახის შეხვედრები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განთავსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში ეტაპობრივად ჩატარდება.