„მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ კომპანია „ჯეოსელში“ ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შესახებ ტრენინგი ჩაატარა
23 ივნისი, 2016

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს თანამშრომლებმა შპს „ჯეოსელის“ მაღალი რანგის მენეჯმენტისთვის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემებთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაატარეს.

ტრენინგის მიმდინარეობისას ძირითადი ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მართვის სისტემა და ინფორმაციული უსაფრთხოება, რისკების მართვა და ორგანიზაციის სარგებელი აღნიშნული მიდგომების გამოყენებით. დამსწრე აუდიტორია ასევე გაეცნო ISO 27001:2013 სტანდარტის მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია ორგანიზაციაში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული სტანდარტების დანერგვას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს როგორც საკუთრივ ამა თუ იმ ორგანიზაციისთვის, ისე ქვეყანაში ინფორმაციული უსაფრთხოების მაღალი დონის მიღწევისა და შენარჩუნებისთვის.

„მონაცემთა გაცვლის სააგენტო მსგავს ტრენინგებს რეგულარულად ატარებს როგორც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისთვის, რომელთა გამართულ და უწყვეტ მუშაობას ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ისე კერძო კომპანიების წარმომადგენლებისთვის, რათა ამ ორგანიზაციებში გაუმჯობესდეს ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ხარისხი და, ზოგადად, სტანდარტები შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებულ ნორმებთან
. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ მიმდინარე წლის ივნისში ჩვენი სააგენტოს წარმომადგენლების მიერ უკვე ჩატარდა ორი ტრენინგი თემებზე - „ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა, მოთხოვნები და აუდიტი“/“ინფორმაციული უსაფრთხოების შესავალი, დანერგვა, აუდიტი“, რომელშიც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ჩამონათვალში შემავალი სხვადასხვა ორგანიზაციის 35-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენს სააგენტოს წლის ბოლომდე კიდევ არაერთი ტრენინგის ჩატარება აქვს დაგეგმილი“, - ირაკლი გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარე.

შპს „ჯეოსელში“ ჩატარებული ტრენინგი ასევე მოიცავდა პრაქტიკულ მაგალითებს, რომელთა გამოყენებამაც მეტი სიცხადე შეიტანა სტანდარტის მოთხოვნების მნიშვნელობის ილუსტრირების თვალსაზრისით.

ტრენინგი შემუშავდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს მიერ.