სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ პირველი ეროვნული კიბეროლიმპიადა - „კიბერ კუბი 2016“ ჩატარდა
27 აპრილი, 2016


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფის CERT.GOV.GE-სა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორგანიზებით სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ პირველი ეროვნული კიბეროლიმპიადა - „კიბერ კუბი 2016“ ჩატარდა. კიბეროლიმპიადის მიზნად ისახავდა კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარების ხელშეწყობასა და პუპულარიზაციას, ასევე იმ ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენასა და წახალისებას, რომლებიც ფლობენ შესაბამის ტექნიკურ ცოდნასა და კომპეტენციას.

50 გუნდად დაყოფილი 25 წლამდე ასაკის 150 ახალგაზრდა სხვადასხვა სირთულის კიბერინციდენტების გამოსავლენად და მათ აღმოსაფხვრელად მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა, მიღებული შედეგების საფუძველზე კი 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.

„კიბეროლიმპიადის ჩატარების იდეამ საერთო მიზნის გარშემო გაგვაერთიანა - ხელი შევუწყოთ ინფორმაციული ტექნოლოგიების ახალი თაობის სპეციალისტების მომზადებას კიბერშეტევების კრიზისული სიტუაციებისთვის, რაც გაზრდის ქვეყნისა და, შესაბამისად, მოქალაქეების დაცულობის დონეს ამ მიმართულებით“, - აცხადებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარე, ირაკლი გვენეტაძე.

ოლიმპიადის მონაწილეებმა სხვადასხვა კვლევითი და ლაბორატორიული სამუშაოს შედეგად გააანალიზეს და გამოიკვლიეს 5 განსხვავებულ კიბერინციდენტი და უპასუხებეს 50 შეკითხვას (თითოეული შემთხვევის ირგვლივ სხვადასხვა სირთულისა და წონის 10 შეკითხვა), მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით კი დაჯამდა საბოლოო სტატისტიკა.

„ახალგაზრდა თაობის განათლება და დახელოვნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. კიბეროლიმპიადის მეშვეობით სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიღრმავონ ცოდნა ისეთ სფეროში, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება. დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის მიღწევა და შენარჩუნება, რასაც, ბუნებრივია, შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის მქონე სპეციალისტები ესაჭიროება. ეს არის უნიკალური შანსი ახალგაზრდებისთვის, ურთიერთშეჯიბრის პირობებში წარმოაჩინონ საკუთარი თავი და გაიღრმავონ გამოცდილება“, - დასძენს ირაკლი გვენეტაძე.

ეროვნულ კიბეროლიმპიადაში მონაწილეობის მიღების მსურველთა განაცხადების მიღება 9 მარტიდან 6 აპრილამდე მიმდინარეობდა. ღონისძიების დანიშნულების უკეთ გაცნობის მიზნით, სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებთან შედგა რამდენიმე საინფორმაციო შეხვედრა, ასევე სოციალური ქსელში მუშაობდა სპეციალურად შექმნილი გვერდი და ონლაინ კონსულტაციის არხი.

ღონისძიების პარტნიორები: „ინტელი“ (Intel), „მაიკროსოფტი“ (Microsoft), „იუ ჯი თი“ (UGT), „ორიენტ ლოჯიკი“, “აი ეს ეს პი“ (ISSP), „კავკასუს ონლაინი“, „IT აკადემია საქართველო - STEP“, “მაკაფი“ (McAfee).