ღია მონაცემების გამოყენებით ახალი მობილური აპლიკაციები იქმნება
21 აპრილი, 2016


ღია მონაცემების პორტალზე (data.gov.ge), რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ არის შემუშავებული, საჯარო დაწესებულებების მიერ გამოქვეყნებული ღია მონაცემების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და აღნიშნული მონაცემების საფუძველზე უკვე იქმნება სხვადასხვა მობილური აპლიკაცია.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ პროგრამისტებმა პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ახალი მობილური აპლიკაცია შექმნეს. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვებგვერდ Data.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ღია მონაცემის - ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ჩამონათვალის საფუძველზე შეიქმნა შესაბამისი მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს, კონკრეტული ადგილსამყოფელის გათვალისწინებით, საქართველოს მასშტაბით განთავსებული სავალუტო ჯიხურების შესახებ აწვდის ინფორმაციას. აღნიშნული აპლიკაციის გამოყენება „ანდროიდის“ ოპერაციულ სისტემაზე მომუშევე ნებისმიერ მობილურ მოწყობილობაზეა შესაძლებელი (იხ. გადმოსაწერი ბმული: https://play.google.com/store/apps/details?id=ge.gov.dea.currencyexchangemap&hl=en).

„ე.წ. „სმარტფონების“ პოპულარობა სწრაფი ტემპით იზრდება. ჩვენ არ უნდა ჩამოვრჩეთ არსებულ ტენდენციას და მომხმარებლებს შევთავაზოთ ისეთი მომსახურება, რომლის გამოყენებაც უშუალოდ მობილური მოწყობილობების მეშვეობით არის შესაძლებელი. ეს არის სერვისის მიწოდების თანამედროვე, კომფორტული და მოსახერხებელი გზა. ამასთან, ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული აპლიკციების შესაქმნელად ჩვენ ვიყენებთ ღია მონაცემებს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ქვეყანაში აღნიშნული ტიპის ინფორმაციაზე დაყრდნობით სხვადასხვა აპლიკაციის შექმნის წახალისებას“, - ირაკლი გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარე.

ღია მონაცემების პორტალი, რომელიც „ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის“ ფარგლებში სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების შესაბამისად შეიქმნა, წარმოადგენს ონლაინ რესურსს, რომლის მიზანია ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ამ მონაცემების გამოყენებით ახალი ელექტორნული სერვისების შექმნის ხელშეწყობა.

ღია მონაცემების კონცეფციას განსაკუთრებული ადგილი უკავია როგორც ღია მმართველობაში, ისე ელექტრონული მთავრობის თანამედროვე მოდელებში. ღია მონაცემების კონცეფციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროდუქტს წარმოადგენს ღია მონაცემების პორტალი, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებების ღია მონაცემების გამოქვეყნებას გამოთვლად და ადვილად გამოსაყენებელ ფორმატებში, რაც მოქალაქეებს, ბიზნესს, მასმედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამთავრობო დაწესებულებებს საშუალებას მისცემს შეუფერხებლად ისარგებლონ აღნიშნული მონაცემებით, ასევე მათი გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა აპლიკაციითა და ელექტრონული სერვისით.