IP მისამართების მონიტორინგის სერვისი
02 მარტი, 2012

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფი (CERT.gov.ge) როგორც საჯარო დაწესებულებებს, ისე კერძო ორგანიზაციებს ახალ მომსახურებას სთავაზობს. IP მისამართების მონოტორინგის სერვისი ითვალისწინებს საქართველოს კომპიუტერულ ქსელში დაინფიცირებული IP მისამართებისა და გატეხილი ვებ-გვერდების გამოვლენას.

დღეისათვის საქართველოს კომპიუტერულ ქსელში დაინფიცირებული IP მისამართების რაოდენობა საკმაოდ დიდია (დაახლოებით 25 000 IP მისამართი), რაც ქმნის რეალურ საფრთხეს ზიანი მიადგეს როგორც საჯარო, ისე კერძო სტრუქტურების კომპიუტერულ და ქსელურ ინფრასტრუქტურას. ასეთი მისამართების ორგანიზებული გამოვლენა, აღრიცხვა და კვალიფიციური პრევენციული ზომების გატარება დღემდე არ წარმოებდა.

მსოფლიოს მაშტაბით არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს მსოფლიო გლობალური ქსელის საერთო მონიტორინგს დაინფიცირებული IP მისამართების გამოსავლენად. მიმდინარე წელს CERT.gov.ge დაიწყო აქტიური თანამშრომლობა და მიაღწია შეთანხმებას მონაცემების ურთერთგაცვლაზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა TEAM CYMRU, SHADOWSERVER, ARBOR NETWORKS და ARAKIS. მომავალში ასევე იგეგმება თანამშრომლობა სხვადასხვა ევროპულ CERT-ბთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. თანამშრომლობის ფარგლებში CERT.gov.ge-ს საშუალება ეძლევა მუდმივ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია საქართველოს კომპიუტერულ ქსელში არსებული დაინფიცირებული IP მისამართების, დაინფიცირებული და გატეხილი ვებ-გვერდებისა და საქართველოს კიბერ სივრცეზე შეტევების შესახებ. ასევე შექმნას და ადმინისტრირება გაუწიოს ასეთი მისამართების ბაზას და მათ მფლობელებს შესთავაზოს კომპლექსური მომსახურება მოსალოდნელი სააფრთხეების გასაუვნებელყოფად. აღნიშნული ბაზის შექმნა მნიშვნელოვანია საქართველოს კიბერ სივრცის უსაფრთხოებისთვის, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია 21-ე საუკუნეში.

„IP მისამართების მონიტორინგის მეშვეობით ჩვენ საშუალება გვაქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სტრუქტურებს შევთავაზოთ მომსახურება, რომელიც ითვალისწინებს გლობალურ ქსელში მათი დაინფიცირებული IP მისამართების გამოვლენას, აღრიცხვასა და შემდგომ მონიტორინგს. დაინფიცირებული IP მისამართი ნოყიერ ნიადაგს ქმნის კიბერ დამნაშავეებვისთვის განახორციელონ ამა თუ იმ ორგანიზაციის კომპიუტერულ ქსელზე არასანქცირებული წვდომა და შესაბამისად დიდი ზიანიც მიაყენონ მათ. ახალი მომსახურება მაქსიმალურად შეამცირებს ქვეყანაში ასეთი IP მისამართების რაოდენობას, რაც თავის მხრივ გაზრდის ინფორმაციული უსაფრთხოების დაცულობის დონეს.“ - ირაკლი ლომიძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი.