„მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ ეროვნული კიბეროლიმპიადისთვის მონაწილეთა განაცხადების მიღებას იწყებს
09 მარტი, 2016

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ სამთავრობო კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფი CERT.GOV.GE, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად იწყებს ეროვნულ კიბეროლიმპიადაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას. კიბეროლიმპიადის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროს განავითარების ხელშეწყობა და პუპულარიზაცია, ასევე იმ პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა და წახალისება, რომლებიც ფლობენ შესაბამის ტექნიკურ ცოდნასა და კომპეტენციას.


კიბეროლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლია კიბერსაკითხებით დაინტერესებულ ყველა ახალგაზრდას, რომელსაც არ შესრულებია 25 წელი.


ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნად ჩამოაყალიბონ მაქსიმუმ 3 წევრისგან შემდგარი გუნდი და წარმოადგინონ შესაბამისი განაცხადი.


ეროვნულ კიბეროლიმპიადაზე დაისმება კიბერუსაფრთხოების გავრცელებული შეტევის ვექტორების ამოცანები, რომელთა გადაჭრაშიც ერთმანეთს გუნდებად დაყოფილი სტუდენტები შეეჯიბრებიან.


ოლიმპიადის მონაწილეები სხვადასხვა კვლევითი და ლაბორატორიული სამუშაოს შედეგად გააანალიზებენ და გამოიკვლევენ 5 განსხვავებულ შემთხვევას და უპასუხებენ 50 შეკითხვას (თითოეული შემთხვევის ირგვლივ სხვადასხვა სირთულისა და წონის 10 შეკითხვა), მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით კი დაითვლება საბოლოო სტატისტიკა. ეროვნული კიბეროლიმპიადის ხანგრძლივობაა 1 დღე.


„ახალგაზრდა თაობის განათლება და დახელოვნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია. კიბეროლიმპიადის მეშვეობით სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა გაიღრმავონ ცოდნა ისეთ სფეროში, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება. დღევანდელ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის მიღწევა და შენარჩუნება, რასაც, ბუნებრივია, შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის სპეციალისტები ესაჭიროება. ეს არის უნიკალური შანსი ახალგაზრდებისთვის, ურთიერთშეჯიბრის პირობებში წარმოაჩინონ საკუთარი თავი და გაიღრმავონ გამოცდილება“, - ირაკლი გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარე.


ეროვნული კიბეროლიმპიადა გაიმართება 2016 წლის 26 აპრილს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“.


განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 6 აპრილი.


შემოსული განაცხადების საფუძველზე სპეციალური ჟიურის მიერ შეირჩევა 50 გუნდი.

დაინტერესებულ ახალგაზრდებს დამატებითი ინფორმაციისა და კიბეროლიმპიადაზე რეგისტრაციისთვის შეუძლიათ მიმართონ კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფს (CERT.GOV.GE). ტელ.: 291 51 40; ელ.ფოსტა: olimpiada@dea.gov.ge ; ვებგვერდი: www.dea.gov.ge ; FB გვერდი: https://www.facebook.com/certgovge


ღონისძიების პარტნიორები არიან: „ინტელი“, „მაიკროსოფტი“, „ეიჩ პი“, „მაგთი“, „ორიენტ ლოჯიკი“, „იუ ჯი თი“, „სოფტ ლაინი“, „აი ეს ეს პი“, „სისკო“, ასოციაცია „გრენა“
, „ICT ბიზნეს საბჭო.