„მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ წარმომადგენლებმა „ნატოს“ პროგრამის ფარგლებში ტრენინგების მორიგი ციკლი ჩაატარეს
11 თებერვალი, 2016


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“ აქტიურად თანამშრომლობს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან (NATO). ამ ორგანიზაციის პროგრამის - მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - ფარგლებში გამართულ ტრენინგებში მიწვეული ექსპეტრებისა და ტრენერების სტატუსით სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს წარმომადგენლები 2012 წლიდან მონაწილეობენ.

ინფორმაციული უსაფრთხოების შესავალი, კიბერთავდაცვის მექანიზმები, ვებგვერდებისა და პორტალების უსაფრთხოება, ქსელის მონიტორინგი და დაცვა, კრიპტოგრაფია, კიბერინციდენტების აღმოჩენა, რეგისტრაცია, ანალიზი და პრევენციული ზომები - „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ წარმომადგენლები ყველა ამ მიმართულებით ფლობენ შესაბამის მაღალ კვალიფიკაციას და ცოდნასა და გამოცდილებას „ნატოს“ პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს უზიარებენ. „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ჩართულობა „ნატოს“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ადასტურებს საქართველოში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების არსებობას, რაც ხელს უწყობს კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყნისა და, შესაბამისად, მოქალაქეების დაცულობას.

სააგნეტოს წამომადგენლებმა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (METU) ინფორმატიკის ინსტიტუტში უკვე ჩაატარეს 5 ტრენინგი ავღანელი, მაკედონელი, მონტენეგროელი, მოლდოველი და უკრაინელი სისტემური და ქსელის ადმინისტრატორებისთვის.

2016 წლის 9-10 თებერვალს სააგენტოს წარომადგენლები კვლავ მიიწვიეს ტრენინგების ჩასატარებლად. ამჯერად სწავლება შესაბამისი პროფილის აზერბაიჯანელ სპეციალისტებს განახლებული პროგრამით ჩაუტარდათ, სასწავლო კურსის თემა კი, ინფორმაციული უსაფრთხოების გარდა, კიბერუსაფრთხოების საკითხებსაც მოიცავდა.

„21-ე საუკუნეში კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და ეს გამოწვევა დგას პრაქტიკულად ნებისმიერი ქვეყნის წინაშე. „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება. ჩვენს ორგანიზაციაში არსებული სტრუქტურა - CERT.GOV.GE წარმოადგენს ქვეყნის მასშტაბით კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე მთავარ ორგანოს. შესაბამისად, ჩვენს პერსონალს აქვს ის კვალიფიკაცია, ცოდნა, გამოცდილება და საერთაშორისო აღიარება, რომელიც საჭიროა თანამედროვე გამოწვევებთან გასამკლავებლად“
, - ირაკლი ლომიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს უფროსი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ წარმომადგენლების პერმანენტული მონაწილეობა „ნატოს“ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში განპირობებულია საქართველოს, როგორც კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში წარმატების მქონე ქვეყნის რეპუტაციით.