ერაყის სამთავრობო დელეგაცი მოანცემთა გაცვლის სააგენტოს საქმიანობას გაეცნო
05 თებერვალი, 2016

ერაყის სამთავრობო დელეგაციის წევრებმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შეხვედრა გამართეს, რომლის დროსაც ამავე სამინისტროს მმართველობის ქვეშ მოქმედი სსიპ. „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ საქმიანობის სფეროსა და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ.

შეხვედრაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი გვენეტაძემ და ამავე სააგენტოს წარმომადგენლებმა ერაყელ სტუმრებს დეტალურად გააცნეს საქართველოში ელექტრონული მმართველობის, მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის, ელექტრონული სერვისებისა და ღია მმართველობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტები. სტუმრებმა ასევე გაიზიარეს ის გამოცდილება, რომელიც სააგენტოს უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნული მიმართულებებით დაუგროვდა.

„მოხარულნი ვართ, რომ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ გამოცდილების გაზიარებით სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ინტერესდებიან. დღეს ჩვენს ერაყელ კოლეგებს გავაცანით სააგენტოს მუშაობის სფეციფიკა და ყველა ის პროექტი, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში ელექტრონული მმართველობისა და ელექტრონული სერვისების განვითარებასთან“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი გვენეტაძემ.

ერაყელი სტუმრები ასევე გაეცნენ საქართველოში კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების განვითარების ტენდენციებსა და ელექტრონული სერვისების ერთი ფანჯრის პრინციპით მიწოდების ონლაინ პლატფორმის - მოქალაქის პორტალის (MY.GOV.GE) მუშაობის სპეციფიკას.