მონაცემთა გაცვლის სააგენტომ „საქაერონავიგაციის“ წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩაატარა
28 იანვარი, 2016


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოს თანამშრომლებმა „საქაერონავიგაციის“ წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩაატარეს. ტრენინგი ჩატარდა ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნის თანახმად და მიზნად ისახავდა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის - „საქაერონავიგაციის“ შესაბამისი პროფილის სპეციალისტები გაცნობოდნენ როგორც ინფორმაციული უსაფრთხოების საფუძვლებს, ისე მათი დანერგვისა და აუდიტის პრინციპებს.

ტრენინგის მიმდინარეობისას „საქაერონავიგაციის“ შესაბამისი პერსონალი გაეცნო ინფორმაციული უსაფრთხოების იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებიც ორგანიზაციამ უნდა დააკმაყოფილოს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ჩამოყალიბების, დანერგვის, ფუნქციონირებისა და გაუმჯობესების ყველა ეტაპზე. აღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინება სავალდებულოა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებისთვის, რომელთა გამართულ და უწყვეტ მუშაობას ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

მონაცემთა გაცვლის სააგენტო მსგავს ტრენინგებს რეგულარულად ატარებს როგორც კრიტიკული ინფრასტრუქტურის სუბიექტების, ისე კერძო კომპანიების წარმომადგენლებისთვის, რათა ამ ორგანიზაციებში გაუმჯობესდეს ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ხარისხი და, ზოგადად, სტანდარტები შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებულ ნორმებთან.

ხუთდღიანი ტრენინგი ტესტირებით დასრულდა, რომლის შედეგების საფუძველზეც გაიცა შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები.