“CYBER-EXE საქართველო 2015” - კიბერსავარჯიშო საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის
27 ნოემბერი, 2015


დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტომ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურომ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მხარდაჭერით, კიბერუსაფრთხოების იმიტირებული სავარჯიშოები - CYBER-EXE საქართველო 2015 გამართეს.

აღნიშნული
ღონისძიების მიზანია საჯარო და კომერციული ორგანზაციების ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების მომზადება კიბერშეტევების კრიზისული სიტუაციებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნისა და, შესაბამისად, მოქალაქეების დაცულობას ამ მიმართულებით.

ღონისძიება გახსნეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ებრალიძემ.

“კიბერუსაფრთხოება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ჩვენი სახელმწიფო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის კიბერუსაფრთხოების დონის ამაღლებას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. შეუძლებელია კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფა შესაბამისი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კადრების გარეშე როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ორგანიზაციებში. მოხარული ვარ, რომ უკვე მეორედ საქართველოში, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურის შესაბამისი პროფილის თანამშრომლებს საშუალებას ვაძლევთ მონაწილეობა მიიღონ რეალურ სავარჯიშოებში და გამოსცადონ საკუთარი თავი იმიტირებული კიბერშეტევების გაუვნებელყოფის პროცესში” - აღნიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი გვენეტაძემ.

აღნიშნული
სავარჯიშო შეჯიბრის ხასიათს ატარებს, რომლის დროსაც თითოეული მონაწილე ორგანიზაციის გუნდი წინასწარ მომზადებული კიბერშეტევის პირობებში განახორციელებს ვირტუალური სივრცის დაცვის ოპერაციას. სავარჯიშოს შედეგად გაანალიზდება თითოეული გუნდის სუსტი და ძლიერი მხარეები და გუნდების გაძლიერების მიზნით მომზადდება რეკომენდაციები.

მსგავი
ფორმატი მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და მასწითელი და ლურჯიჯგუფების სავარჯიშოებს უწოდებენ.

„21 საუკუნეში ნებისმიერი კონფლიქტი გაჯერებულია კიბერ ელემენტებით, შესაბამისად ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია კიბერსივრცის დაცვა. კიბერუსაფრთხოება საერთო პასუხისმგებლობაა სახელმწიფო და კერძო სექტორებისთვის და მოითხოვს მხარეთა აქტიურ თანამშრომლობას. მიმაჩნია, რომ მსგავსი სავარჯიშოები ხელს შეუწყობს ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბებას კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო დაწესებულებებსა და კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. მოხარულნი ვართ, რომ მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან ერთად აღნიშნულ ღონისძიებას ვუწევთ ორგანიზებას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და მონაცემთა გაცვლის სააგენტოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას,“
- განაცხადა კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ანდრია გოცირიძემ.

ღონისძიებაში 16 გუნდი იღებს მონაწილეობას. თითოეული გუნდი წარმოდგენილია 2-3 წევრით. მონაწილეები წარმოადგენენ როგორც საჯარო, ისე კერძო სტრუქტურების შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებს. დაგეგმილია
, რომ ღონისძიება ყოველწლიურად გაიმართოს, რითაც კიდევ უფრო მეტი წვლილს შეიტანს ქვეყნის კიბერუსაფრთხოების დონის ამაღლების საქმეში.