საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების VIII რეგიონული კონფერენცია - GITI 2015
25 ნოემბერი, 2015


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით 19-20 ნოემბერს, სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ რიგით VIII ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია (გამოფენა, დაჯილდოება) გაიმართა, რომლის მთავარ თემას კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებები წარმოადგენდა. კონფერენცია წლის საუკეთესო IT პროექტების ავტორთა დაჯილდოების ცერემონიალით 20 ნოემბერს დასრულდა.

ყოველწლიურ კონფერენციას უკვე მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარება როგორც ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სფეროში ერთ-ერთ წამყვან ღონისძებას, რომელსაც საქართველო მასპინძლობს. კონფერენციის დამსახურებით, წლიდან-წლამდე უმჯობესდება ინოვაციური პროექტების ხარისხი, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის უკეთესი ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდომობას.

ღონისძიება გახსნა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ტაბატაძემ.

წლევანდელმა კონფერენციამ, რომლის დევიზია „პარტნიორობა კონკურენციის, ინოვაციებისა და კიბერუსაფრთხოებისთვის“, რეკორდული რაოდენობის სტუმარს უმასპინძლა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრირებულმა მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელმა განიხილა კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების საკითხები, წარმოადგენა წლის განმავლობაში შემუშავებული ინოვაციური IT პროექტები და გაეცნო აღნიშნული მიმართულებით ამა თუ იმ ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს.

კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო როგორც საქართველოში, ისე რეგიონში ელექტორნული მმართველობის განვითარების საკითხებს, კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების პროექტებს, ასევე ამ პროექტებში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პროცესს.

„რვა წლის მანძილზე ყოველი მომდევნო კონფერენცია განვითარების ახალ საფეხურზე გადადიოდა. დღეისათვის თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და ICT ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართული ღონისძიება ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში რეგიონული მასშტაბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც თავს უყრის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო სფეროში ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნების წამყვან მოთამაშეებს, სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციამ არსებობის 8 წლიანი ისტორიის მანძილზე შექმნა საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის უნიკალური მოდელი, რომლის მიხედვითაც ორივე მხარე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიმართულების განვითარებისთვის ერთობლივი ძალისხმევით მუშაობს“ - აღნიშნა ალექსანდრე ტაბატაძემ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

კონფერენციის მე-2 სამუშაო დღე მთლიანად დაეთმო კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებს. კიბერუსაფრთხოების შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს ამ მიმართულების მსოფლიოში აღიარებულმა ექსპერტებმა.

„ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება წარმოუდგენელია ინფორმაციული უსაფრთხოების გადაწყვეტილებების გარეშე. დღეისათვის საქართველო ელექტრონული მმართველობის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან ეტაპს გადის. სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მიერ იქმნება ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული არაერთი მომსახურება და ამით მარტივდება და ფაქტობრივად ახალ ეტაპზე გადადის სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის ურთიერთობა. ეს პროცესი კი მჭიდროდ არის დაკავშირებული ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან. ამდენად, კონფერენციას ამ მხრივაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამასთანავე, როგორც ელექტრონული მმართელობის, ისე ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სააგენტო მისი დაარსებიდან მოყოლებული ამ კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია“ - აღნიშნავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი გვენეტაძე.

კონფერენცია ტრადიციულად დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. წელს 15 ნომინაციაში როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან 50-მდე პროექტი იყო წარდგენილი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სტრუქტურებიდან გამარჯვება მოიპოვეს საჯარო რეესტრისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოებმა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გამარჯვებულად გამოცხადდა შემდეგ ნომინაციებში: "საუკეთესო რეგიონული მუნიციპალური ელ. გადაწყვეტილება" და "საუკეთესო online საინფორმაციო წყარო", ხოლო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კი სამ ნომინაციაში მოიპოვა საუკეთესოს ჯილდო: „ინფორმაციული უსაფრთხოების საუკეთესო მენეჯმენტი“, „საუკეთესო IT მენეჯმენტი“ და „ფართოდ გამოყენებული ელექტრონული სერვისი“.