მონაცემთა გაცვლის სააგენტომ ვებგვერდებისა და IP მისამართების შემოწმების უფასო ონლაინ რესურსი აამოქმედა
03 ნოემბერი, 2015

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფმა CERT.GOV.GE-მ უფასო ონლაინ რესურსი „ჩექნეტი“ (ChekNet) აამოქმედბა (www.checknet.ge), რომლის მიზანია ქვეყანაში უსაფრთხო ინტერნეტ-გარემოს დამკვიდრების ხელშეწყობა.

პორტალი „ჩექნეტი“ საქართველოში მყოფ ნებისმიერ მომხმარებელს საშუალებას აძლევს:
შეამოწმოს ქართული ვებგვერდების ისტორია და გაიგოს, თუ რა სახის უსაფრთხოების პრობლემები ფიქსირდებოდა მათზე სხვადასხვა დროს; ვებგვერდების ჩანაწერების ისტორიის ნახვით მიიღოს ინფორმაცია კონკრეტულ ვებგვერდზე არსებული პრობლემის შესახებ. მაგალითად, გაიგოს გატეხილია თუ არა ესა თუ ის ვებგვერდი, არის თუ არა მათში ე.წ. მავნე კოდი, რაც სახიფათოს ხდის მათ როგორც კომპიუტერის დავირუსების, ისე სხვადასხვა ოპერაციის, მაგალითად, ონლაინ შესყიდვების განხორციელების თვალსაზრისით; შეამოწმოს საკუთარი IP მისამართები და მიიღოს ინფორმაცია მათი ინფიცირებისა ან სხვადასხვა შავ სიაში მოხვედრის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ამ ინფორმაციის მისაღებად საკმარისია მომხმარებელმა სპეცილურად გამოყოფილ ველში შეიყვანოს მისთვის სასურველი ვებგვერდის მისამართი და სისტემა რამდენიმე წამში გამოიტანს შესაბამის შეტყობინებებს.

გარდა ინფორმაციის მოძიებისა, მომხმარებელს საშუალება აქვს პორტალის მონაცემთა ბაზას თავად დაამატოს მის მიერ აღნოჩენილი ინციდენტი, რაზეც CERT.GOV.GE მყისიერ რეაგირებას მოახდენს. პორტალზე ასევე ხელმისაწვდომია სხვადასხვა სტატისტიკური ინფორმაცია, როგორიცაა, მაგალითად, ყველაზე ხშირად დავირუსებული IP მისამართების ჩამონათვალი, დაინფიცირების ტიპების პროცენტული მაჩვენებლები და სხვა.