მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურის პროექტი
23 ივნისი, 2011
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტო ახორციელებს პროექტს - Georgian Governmental Gateway (3G), რომელიც წარმოადგენს ერთმანეთთან დაკავშირებული სამთავრობო სტრუქტურების ჩარჩოს (Connected Governmental Framework).

პროექტის მიზანია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ შემუშავებული ელექტრონული სერვისების მოსახლეობისთვის მიწოდების სქემის იმგვარად დამუშავება, რომ მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალურად იყოს გარანტირებული პროცესის სისწრაფე, უსაფრთხოება, და ხარისხი. ამჟამად პროექტს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ახორციელებენ ისეთი მულტინაციონალური კომპანიები, როგორებიცაა HP და Microsoft. მსგავსი სახით სახელმწიფო სტრუქტურების ელექტრონული სერვისების მოსახლეობისთვის შეთავაზება მოქმედებს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. საქართველოში კი პროექტს ანალოგი არ აქვს.

„პროექტზე მუშაობის დროს გამოყენებულია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, შეიძლება ითქვას, საინფორმაციო ტექნოლოგიების ბოლო მიღწევები. ჩვენმა სააგენტომ აღნიშნულ პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და დღეისათვის მიმდინარეობის ტემპები საკმაოდ მაღალია. ივლისში უკვე იგეგმება პროექტში ფინანსთა სამინისტროს, სამოქალაქო და საჯარო რეესტრების ელექტრონული სერვისების ინტეგრირება, წლის ბოლოს კი დაგეგმილია მოქალაქეთა პორტალის ამოქმედება, სადაც ერთ სივრცეში, ინგეგრირებული სახით თავს მოიყრის სახელმწიფოში არსებული ყველა ელექტრონული სერვისი.“ - ირაკლი გვენეტაძე, მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარე.